დიდი ბრიტანეთი რუსეთის „გრუ“-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს

გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოააშკარავეს, რომ „გრუ“ – რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური – პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე, – ამის შესახებსაქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს. გაერთიანებული სამეფო მიიჩნევს, რომ   ეს კიბერშეტევები არის მცდელობა შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოვედლღიურ ცხოვრებას. გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ საქართველოში, 2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ განხორციელდა.