დონორი, რომელმაც 2.4 მილიონი ბავშვი გადაარჩინა

{{ARTICLEIMAGE}}

ავსტრალიელი ჯეიმს ჰარისონი ალბათ ყველაზე დამსახურებული პენსიონერია მსოფლიოში. ის რამდენიმე დღის წინ, 81 წლის ასაკში გავიდა პენსიაზე, მანამდე კი 60 წლის მანძილზე ავსტრალიის წითელი ჯვრის სისხლის სერვისის მონაცემებით 2.4 მილიონი ავსტრალიელი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. ის სამოცი წლის მანძილზე ყოველ კვირას გასცემდა თავის უნიკალურ სისხლს, რომლითაც თავის დროზე მედიცინაში რევოლუციურ გარდატეხას ჩაეყარა საფუძველი.


უნიკალური სისხლი

ჰარისონის სისხლისგან პრეპარატი მზადდება, რომლითაც მუცლადმყოფი ბავშვების სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი. პრეპარატით რეზუს უარყოფითი სისხლის მქონე ფეხმძიმე ქალებს მკურნალობენ, რომელთა სისხლმა შესაძლოა ჯერ არ დაბადებული ბავშვის გარდაცვალება გამოიწვიოს.

ჰარისონის უნიკალური დონორობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან 14 წლის ასაკში გულმკერდის ოპერაცია გაიკეთა. სისხლის დონაციამ მისი სიცოცხლე გადაარჩინა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა თავადაც სისხლის დონორი გამხდარიყო და მუდმივად გასცემდა სისხლს. რამდენიმე წლის შემდეგ ექიმმა აღმოაჩინა, რომ მისი სისხლი ანტისხეულებს შეიცავდა, რომლებიც ანტი– D ინექციის შესაქმნელად გამოდგებოდა.


რა არის ანტისხეულები

ჰარისონის სისხლი უნიკალური ანტისხეულებს შეიცავს, რომლებსაც ანტი–D ინექციას უწოდებენ. ეს არის D ანტიგენის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც რეზუს დაავადებების დროს გამოიყენება.

რეზუს დაავადება არის შემთხვევა, როცა რეზუს უარყოფითი სისხლის მქონე ქალის სისხლი მუცლადმყოფი პატარას სისხლის უჯერდებს უტევს. ეს მაშინ ხდება, როცა ბავშვის სისხლი რეზუს დადებითია. თუ დედის ორგანიზმი რეზუს დადებითი სისხლის მიმართ მგრძნობიარეა, მან შეიძლება ანტისხეულები გამოყოს, რითაც ბავშვის “უცხო“ სისხლის უჯრედებს ანგრევს. ასეთი შემთხვევები როგორც წესი ბავშვის ტვინის დაზიანებით ან გარდაცვალებით მთავრდება.1967 წლამდე ყოველწლიურად ათასობით ჯერ არ დაბადებული ბავშვი იღუპებოდა გაუგებარი მიზეზის გამო, ან ტვინის დაზიანებებით იბადებოდა.

ექიმების განცხადებით ჯეიმს ჰარისონის სისხლში ანტისხეულების აღმოჩენამ დიდი გადატრიალება მოახდინა. ავსტრალია გახდა ერთ ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ანტისხეულების მქონე სისხლის დონორი აღმოაჩინა , რაც იმ დროისთვის მედიცინაში რევოლუციური გარღვევა იყო. 1967 წლის შემდეგ მხოლოდ ჰარისონის სისხლის პლაზმით პრეპარატის სამ მილიონ ამპულაზე მეტი დამზადდა , რომლითაც რეზუს უარყოფითი სისხლის მქონე ფეხმძიმე ქალებს ბავშვის სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარნენ. მათ შორის იყო თავად ჰარისონის ქალიშვილი.

ჰარისონი მუდმივად გასცემდა სისხლის პლაზმას დონაციისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დახმარებოდა.
ექიმები ზუსტად ვერ ამბობენ, საიდან აქვს ჰარისონს ასეთი იშვიათი სისხლის ტიპი. ისინი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მისი სისხლის არაორდინარული შესაძლებლობა 14 წლის ასაკში ოპერაციის შემდეგ მისთვის დონორის სისხლის გადასხმის შედეგად განვითარდა . ავსტრალიაში სულ 50 ადამიანია, რომელთა სისხლი ასეთ ანტისხეულებს შეიცავს.


ეროვნული გმირი

ჰარისონი ავსტრალიის ეროვნულ გმირად ითვლება. მან უამრავი ჯილდო მიიღო უშურველი დონორობისთვის, მათ შორის ავსტრალიის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – ღირსების ორდენი. ჰარისონის დონორული კარიერა დასრულდა. 25 დეკემბერს მან ბოლოჯერ გაიღო სისხლი, რადგან ავსტრალიის კანონმდებლობით დონორობა მხოლოდ 81 წლის ასაკამდეა ნებადართული. ავსტრალიელ ექიმებს იმედი აქვთ, რომ ის იშვიათი ადამიანები, რომელთა სისხლი ანალოგიურ ანტისხეულებს შეიცავს უარს არ იტყვიან დონორობაზე და ათასობით სიცოცხლის გადასარჩენად ჰარისონის მსგავსად კეთილშობილებას გამოიჩენენ.