ძლიერი ქარის დროს, ბათუმში სახლის სახურავიდან ორი ადამიანი გადმოვარდა

{{ARTICLEIMAGE}}
ძლიერი ქარის დროს ბათუმში, ხახულის ქუჩაზე სახლის სახურავიდან ორი ადამიანი გადმოვარდა. ერთ-ერთი დაშავებული მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მას წელის მალები დაუზინდა. მეორეს კი მსუბუქი დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. ამ უკანასკნელმა საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა. ოჯახის წევრების თქმით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცები სახლის სახურავზე სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ.

გუდიაშვილის ქუჩაზე კი ძლიერი ქარის გამო, მშენებარე კურპუსიდან გადმოვარდნილმა სამშენებლო მასალებმა მანქანა და საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაზარალებულებს ზიანს აუნაზღაურებენ. მშენებლობას ყადაღა ადევს, რის გამოც, ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი შეჩერებულია, შესაბამისად, კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ.

ძლიერი ქარის გამო, ბათუმში ხეებიც წაიქცა. ქარმა ასევე მოშალა სამშენებლო ღობეები და დააზიანა ავტობუსის მოსაცდელები. რამდენიმე მისამართზე მიმდინარე მშენებლობებიდან ჩამოცვივდა ფანჯრები. 4 უამინდობასთან დაკავშირებით ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ ყველა შემთხვევაზე მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირება, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სამსახურები, მერი კი ქალაქის შემოვლას ახორციელებს.

რაც შეეხება ანმინდს საქართველოში – დღეს და ხვალ მოსალოდნელია ნალექი, 17 იანვარს დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი. 17 იანვარს ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს. მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი.