რუსთავი2–ის ახალ მფლობელს ეთერიდან 20 ივნისის პრომოს ამოღებას და ძველი თანამშრომლების გაშვებას თხოვენ

რუსავი2–ის ახალ მფლობელს ქიბარ ხალვაშს და ახალ დირექტორს, პაატა სალიას არხის ეთერიდან იმ ვიდეოს ამოღებას თხოვენ, რომელიც 20 ივნისის ღამის მოვლენებს ასახავს და არხის ეთერში დღეში რამდენჯერმე გადის. ამ მოთხოვნით “საერთო გაზეთი გამოდის.“ მის შესახებ ის არის ცნობილი, რომ რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავაა და ასავალ–დასავალის სტამბაში იბეჭდება. გაზეთი მიმართვას ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს:

“ბატონ ქიბარ ხალვაშს

ბატონ პაატა სალიას
ბატონებო,
კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხსენით საინფორმაციო გადაცემა „კურიერისთვის“ ქუდად წამძღვარებული 20 ივნისის ტრაგიკული ღამის ამსახველი კადრები, რომლებიც უკვე 47-ე დღეა „კურიერის“ დაწყებამდე დღეში ხუთჯერ ტრიალებს ეთერში.
ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული ქმედება, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება _ შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში კვლავ გრძელდება არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია, სისხლიანი ანგარიშსწორება.
აბა, დავფიქრდეთ_ ამ კადრების ნახვის შემდეგ რომელი ინვესტორი დათანხმდება აქ ფულის ჩადებაზე, ან რომელი ტურისტი გარისკავს ჩამოსვლას? ან როგორ მოხდება ლარის დასტაბილურება და როგორ მოგვარდება ეკონომიკური პრობლემები? ასე რომ, დაბეჯითებით გთხოვთ, მოხსენით ეს კადრები ეთერიდან.“

„საერთო გაზეთის“ რედაქცია

წერილის კომენტატორები ქიბარ ხალვაშს არხზე პოლიტიკის სასწრაფოდ შეცვლისა და ძველი კადრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. 

ამ მიმართვას და კომენტარებს ტელეკომპანია რუსთავი2-ის საინფორმაცი სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ქიბარ ხალვაშს და პაატა სალიას კურიერის 20 ივნისის პრომოს ეთერიდან მოსხსნას, არხის გაწმენდასსსს და ჟურნალისტების გაშვებას სთხოვენ. დაიწყო კოლექტიური წერილები ტროლებით და ბოტებით ომი.”- წერს ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში.

ეს არის ვიდეო, რომლის რუსთავი2–ის ეთერიდან მოხსნას ითხოვენ.