ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილს შეხვდება

საქართველოში დაბრუნებულმა ეკა ბესელიამ ტვ პირველის ეთერში ვრცლად ისაუბრა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე, მის ეჭვებზე და ვარაუდებზე, დამოკიდებულებაზე უმრავლესობის წევრების პოზიციის მიმართ და ბიძინა ივანიშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე.
ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა უკავშირდება მის მიერ საჯაროდ გამოთქმულ კრიტიკულ პოზიციას მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე:
“ არასოდეს ამ შვიდი წლის განმავლობაში მე ღია კრიტიკით არ გამოვსულვარ გარეთ. რა თქმა უნდა, შიგნით მქონდა ძალიან ხშირად და ბევრ საკითხზე კრიტიკული პოზიცია, მაგრამ საჯაროდ მე ეს პირველად ვთქვი როცა გადავდექი. ამ პროცესს ემთხვვევა ამ მეთოდით ბრძოლა. ეს ხომ მეთოდია, დაუშვებელი, უკანონო, სამარცხვინო ამაზრზენი. ზღვის დონეზე დაბალი რომ გაქვს თავმოყვარეობა იმ ადამიანების ხელწერაა. ამ პროცესს ემთხვევა ამ მეთოდით ბრძოლა. მიზანი რა უნდა იყოს ? მიზანი უნდა იყოს ის, რომ ამ პროცესში რომ დგახარ მყარად, ამ წერტილში, რომელიც უკავშირდება სამართლიანობის იდეის დაცვას ამ პროცესიდან გაგიყვანონ, გაგაჩერონ, დისკრედიტაცია მოახდინონ, მორალურად გაგტეხონ. თქვა რომ აღარ გინდა, არ შეგიძლია ეს ბრძოლა. მიზანი ეს არის. ძალიან ცხადად ჩანს. ამ წერტილში სადაც მე ვდგავარ, როდესაც მე ვცდილობ, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად სამართლიანობის იდეის დაცვას და სამართლიანი სასამართლოს იდეის გადარჩენას, მიზანია ამ წერტილიდან გაგიყვანონ. ეს არის მიუღწეველი მიზანი, ვინც მე მიცნობს უნდა მიხვდეს ეს მეთოდები ჩემთან არ ჭრის და ვინც არ მიცნობს გამიცნობს და ნახავს როგორია ეკა ბესელია ასეთ დროს და მიხვდება, როგორ იქცევა ის და რამდენად შესაძლებელია მისი დაძვრა და გაყვანა ამ სივრციდან. სანამ ცოცხალი ვარ ამას ვერავინ ვერ მოახერხებს.“
ეკა ბესელიას თქმით ის ამ დღეებში ივანიშვილთან შეხვედრას და ამ თემაზე საუბარს აპირებს. შეხვედრა და მისი ფორმატი იგეგმება. ეკა ბესელია ამბობს, რომ არ უნდა იმის დაჯერება, რომ ამ პროცესის უკან მისი გუნდი დგას. თუმცა უმრავლესობის წევრთა ნაწილის პოზიციით გაღიზიანებას არ მალავს.
“მინდა დავინახო ვინ ემიჯნება ამ პროცესს. ყალბი სიტყვებით, ყალბი ფრაზებით და ქვეტექსტში შეპარული ორაზროვანი განწყობით კი არა, რაც რამდენიმე კომენტარში მოვისმინე და სირცხვილი იყო ის კომენტარი რამდენიმე ადამიანის. არ მინდა დავკონკრეტდე და სახელები და გვარები იყოს ჩემი საუბრის შინაარსი. ასე საუბარი– არ მინახავს და არ უნახავს და ამიტო…, უხერხულია ასე საუბარი. ყველამ თავის იმიჯს და თავის თავს უნდა სცეს პასუხი თორემ მე არ მჭირდება არავისი ჭირისუფლობა და არ მომწონს მსხვერპლის როლში ყოფნა. არ ვარ ის კატეგორია, ვინც საჭიროებს შეძახილს, გამხნევებას და ჭირისუფლობას. ეს არის პროცესი, რომელსაც უნდა სწორად დანახვა, სახელის დარქმევა და გამიჯვნა“.
ეკა ბესელია აღშფოთებულია მოსამართლე გვრიტიშვილის სატელევიზიო გამოსვლით, რომელმაც ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების შემდეგ განაცხადა: “უნდა დაისვას შეკითხვა დამდგარი შედეგი ვისთვის არის ხელსაყრელი. ეს ფაქტი საეჭვოდ დაემთხვა პოლიტიკურ პროცესებს, როცა გარკვეულმა ჯგუფმა ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით მოინდომა წამებულის მანტიის მოსხმა, თავისი ნიშის დამკვიდრება პოლიტიკაში და ეს რატომღაც დაუკავშირა მოსამართლეების თემას.“
ეკა ბესელია ამბობს, რომ ამ გამოსვლის შემდეგ მკვეთრ პოზიციას და რეაქციას ელოდა, თუმცა თანაგუნდელების ნაწილისგან ეს ვერ ნახა. ბესელია თანაგუნდელებისგან მკაფიო პოზიციის გამოხატვას ელის. და აინტერესებს, გაემიჯნებიან თუ არა მკაფიოდ ისინი ამ პოზიციას და იმ ადამიანს, რომელსაც უვადოდ ამწესებდნენ უზენაეს სასამართლოში.
შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ამის უკან იდგნენ მისი თანაგუნდელები ბესელია პასუხობს:
“ფაქტია რომ ემთხვევა პოლიტიკურ პროცესს, ღია დაპირისპირებას სასამართლო თემაზე. ფაქტია, რომ გავრცელებული კადრები მტკიცებულებად დევს იმ საქმეში, რომელიც არის განხილვის პროცესში. ფატია ისიც, რომ ამ ჯგუფს – მოსამართლეების ჯგუფს ამაგრებს გარკვეული ჯგუფი რომლებიც არიან პარლამენტში. მე ვამბობ ფაქტებს და არ ვაკეთებ ჯერ დასკვნებს, იმიტომ რომ არ მინდა აზრი დავუკარგო გამოძიებას.“
ეკა ბესელია ამბობს, რომ ომს უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც 21-ე საუკუნეში გაბედა ამ მეთოდებით ბრძოლა.