ელენე ხოშტარია იმ ახალგაზრდებს ხვდება, ვინც მისგან მანდატის დატოვებას ითხოვენ (ვიდეო)

ელენე ხოშტარია იმ ადამიანებს ხვდება, ვინც მისგან დეპუტატის მანდატის დატოვებას ითხოვენ.

მათი თქმით, ხოშტარიას და ირმა ნადირაშვილის მიერ პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვა შეურაცხმყოფელი იყო. 

ისინი ცდილობენ, ელენე ხოშტარია დაარწმუნონ, რომ საპარლამენტო მანდატი დატოვოს.

,,თქვენი ეს საქციელი იყო ჩემთვის ანტისახელმწიფოებრივი, სამწუხაროდ, და ძალიან ვწუხვარ იმაზეც, რომ ღირსეულად მანდატის დატოვებამდეც ვერ მივედით, იმიტომ , რომ ძაან კარგად შეხვიდოდით ისტორიაში”,-ამბობს შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე.

,,მეც ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ დაგარწმუნეთ იმაში, რომ ეს არის ბრძოლა საბჭოთა კავშირთან”,- პასუხობს ელენე ხოშტარია. 

ახალგაზრდები იგივე მოთხოვნით რამდენიმე დღის განმავლობაში ,,ევროპული საქართველოს” ოფისთან აქციებსაც მართავდნენ.

ისინი უარყოფენ, რომ ,,ქართული ოცნების” პარტიული აქტივისტები არიან და ირწმუნებიან, რომ ჯანსაღ პროტესტს გამოხატავენ.

20 თებერვალს მოძრაობამ ,,გხედავ” შეძლო აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება. მოძრაობის ცნობით, ისინი ,,ქართული ოცნების” აქტივისტები არიან.

18 თებერვალს ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტში სსრკ-ის ჰიმნი არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს ჩართეს იმის ხაზგასასმელად, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ქვეყანას საბჭოთა მეთოდებით მართავს.