ელისაშვილი კალაძეს საიდუმლო საკადრო ცვლილებაში ადანაშაულებს

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ყაზტრანსგაზის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს. ელისაშვილი ამბობს, რომ მამუკა კობახიძე, რომელიც პარალელურად თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ამ თანამდებობიდან საიდუმლოდ მოხსნეს. მამუკა კობახიძის გათავისუფლება მერიის სატრანსპორტო კომპანიიდან მერიის და სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდებზე არ დასტურდება, თუმცა მის ადგილზე უკვე დაინიშნა გიორგი შარკოვი.

სამოქალაქო მოძრაობამ გუშინ ყაზტრანსგაზის შენობასთან აქცია გამართა და კომპანიის გენერალური დირექტორის გადადგომა მოითხოვა, რომელიც ალეკო ელისაშვილის განცხადებით კალაძის კადრია. დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შემდეგ ელისაშვილი პასუხისმგებლობას ყაზტრანსგაზს აკისრებდა და აცხადებდა, რომ ეს კომპანია კალაძის მიერ იმართება და ამას ადასტურებს ის, რომ ერთი და იგივე ადამიანი ყაზტრანსგაზის გენერალური დირექტორის თანამდებობას და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის თანამდებობას ერთდროულად იკავებს.

ახლა კი ირკვევა, რომ მამუკა კობახიძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი აღარ არის.

„მერიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომელსაც აგერ უკვე ორი დღეა ასაიდუმლოებენ. არც მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე, არც მერიის სატრანსპორტო კომპანიიაში ამ ამბავს ვერ ამოიკითხავთ. ვიცით, რომ მამუკა კობახიძე მოხსნეს მერიის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორობის პოსტიდან და იქ დანიშნეს კახა კალაძის ერთგული კადრი, ვინმე გიორგი შარკოვი. როგორც ჩანს, კალაძე ხვდება, რომ ეს კაცი ჩამოსაცილებელი იყო ამ თანამდებობიდან.

მამუკა კობახიძე ყაზტრანსგაზ თბილისიდან იყო პირველ რიგში მოსახსნელი, ვინაიდან მისი უუნარობის და ცუდი მენეჯმენტის გამო ხალხი დაიღუპა და ამიტომ არის ის გასათავისუფლებელი. კახა კალაძეს უნდა ეყოს გამბედაობა და მიიღოს ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ეს ბოროტმოქმედი და მავნებელი ადამიანი თანამდებობიდან“, – ამბობს ელისაშვილი.

მერიაში ამ თემაზე მოგვიანებით გააკეთეს განცხადება და დაადასტურეს, რომ მამუკა კობახიძე თანამდებობიდან მართლაც წავიდა საკუთარი განცხადების საფუძველზე, რადგან მას ყაზტრანსგაზში მუშაობის გაგრძელება სურს  და მის ადგილზე დროებით გიორგი შარკოვი დაინიშნა.