ელონ მასკის პირველი ჩქაროსნული გვირაბი გაიხსნა

ელონ მასკიმ ლოს ანჟელესში პირველი მიწისქვეშა ჩქაროსნული გვირაბი საზოგადოებას წარუდგინა. პროექტის მიზანი გზებზე საავტომობილო საცობების შემცირებაა სპეციალური მიწისქვეშა გვირაბების მშენებლობის შედეგად, რომლებიც სატრანსპორტო სისტემას შექმნიან.

{{ARTICLEIMAGE}}

საცდელი მიწისქვეშა გვირაბის სიგრძე სამი კილომეტრია. მისი მშენებლობა 10 მილიონი დოლარი დაჯდა და 18 თვის მანძილზე გრძელდებოდა. ეს თანხა არ შეიცავს კვლევებზე, პროექტის დამუშავებაზე და აღჭურვილობაზე გაწეულ ხარჯებს. გვირაბში პირველი სრულიად ეკოლოგიური ავტომობილიც ჩაუშვეს, რომელსაც ნულოვანი გამონაბოლქვი აქვს. ავტომობილებს სამომავლოდ გვირაბში240 კილომეტრ საათი სიჩქარით მოძრაობა შეეძლებათ. პროექტი შეუზღუდავი რაოდენობის წყალგაუმტარი გვირაბების მშენებლობას ითვალისწინებს. ძალიან დიდი ინტერესის გამო გასაცნობ ტურში მონაწილეობა მხოლოდ სპეციალური მიწვევით არის შესაძლებელი.

“შესაძლებელია 240 კილომეტრი საათით მგზავრობა. ამ სიჩქარით მოძრაობისას ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ქალაქში ტელეპორტირებას ახდენ“– წერს მასკი ტვიტერის გვერდზე.

გვირაბი მიწის ქვეშ 6–12 მეტრის სიღრმეში მდებარეობს და ლოს ანჟელესის ოლქის ქალაქ ჰორტონის შოსედან აეროპორტამდე მიდის. პროექტის პრეზენტაციის ტრანსლირება მასკის კომპანიის – The Boring Company –ს გვერდზე მიმდინარეობდა.

დათქმულ დროს გვირაბის შესასვლელთან ასობით ადამიანი შეიკრიბა.

გვირაბით პირველი მგზავრობა არც ისე შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ავტომობილ ტესლას X მოდელის საჭესთან კომპანიის თანამშრომელი იჯდა. მან გვირაბი ორ წუთში გაიარა მაქსიმალური სიჩქარე – 85 კმ. საათით. გზა უსწორმასწორო იყო და ავტომობილი ისე ვიბრირებდა, როგორც უასფალტო გზაზე. მასკიმ თავი იმით გაიმართლა, რომ მათ დრო არ ეყოთ და საბოლოოდ გზის ზედაპირი სრულიად მოსწორდება და სრიალა გახდება.

სირთულეების მიუხედავად მასკიმ გვირაბში ავტომობილის პირველ გავლას ეპიკური უწოდა.

მასკის მიერ დემონსტრირებული პირველი გვირაბი კვლევებისთვის და ცდებისთვის გამოიყენებოდა, თუმცა მას იმედი აქვს, რომ საბოლოოდ ეს გვირაბიც ქალაქის სატრანსპორტო ქსელის ნაწილი გახდება. მასკის იდეით გვირაბები ლოს ანჟელესის მსხვილი მუზეუმების, სტადიონების, სადგურების და აეროპორტების სიახლოვეს უნდა განთავსდეს. გვირაბებით ნებისმიერ ელექტრომობილს შეეძლება სარგებლობა. ასევე ივლის ტრანსპორტი, რომლითაც ფეხით მოსიარულეები და ველოსიპედისტები ისარგებლებენ. მასკი ამ პროექტის დასრულებას 2028 წლისთვის აპირებს.

თუმცა ინჟინრები და ქალაქის დაგეგმარების სპეციალისტები მასკის პროექტს კრიტიკით ხვდებიან. მათი განცხადებით მისი სისტემა არ ითვალისწინებს საგზაო მოძრაობის შემაფერხებელ მთავარ მიზეზებს – შოსეებზე ვიწრო შესასვლელებს და გამოსასვლელებს. სწორედ ასეთებად შეიძლება იქცეს გვირაბების შესასვლელები და გამოსასვლელები, რაც მის გამტარუნარიანობას შეზღუდავს.

თუმცა მასკის დიდი გეგმები აქვს და გვირაბების გათხრას ყველა დიდ ქალაქში გეგმავს.

უკვე დაიწყო გვირაბების თხრა ჩიკაგოში და ვაშინგტონში, თუმცა ეს პროექტები ამ ეტაპზე სხვადასხვა მიზეზების გამო პრაქტიკულად შეჩერებულია.