ნიკა გვარამიასთვის პროკურატურის მიერ ბრალის წაყენებას მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ეხმაურება.
დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, სამაუწყებლო კომპანიიდან პროკურატურას ყველა საჭირო დოკუმენტი აქვს ამოღებული და ფლობს ინფორმაციას, რომ ნიკა გვარამიამ ფული ასესხა „ინტერმედიას“.
„პროკურატურა უბრალოდ ტყუის რიგ შემთხვევებში იმიტომ, რომ მას ამოღებული აქვს ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის, როდესაც საცხოვრებელ ბინებთან დაკავშირებით ამბობს, ის არაფერს არ ამბობს ნიკა გვარამიას მიერ ფულის სესხებასთან დაკავშირებით, რომლის გასტუმრება მოხდა სწორედ ამ ფორმით და ეს ფული საერთოდ არ უკავშირდებოდა ან „რუსთავი 2-ს“ ან „ინტერმედიას“, გარდა ამისა, გამოკითხვაზე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ეს კითხვები საერთოდ არ დასმულა, ანუ არ იყო დაინტერესებული გამოძიება ამ კუთხით და ვერ წამომიდგენია, რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაეტარებინათ ამ სამ დღეში, რომ ამ მიმართულებით წასულიყვნენ
ჩვენ პრინციპში, თავიდანვე ვთქვით, რომ ეს არ არის არც სამართლებრივი საქმე და ამ საქმეზე არ იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება მიღებული, მათ შორის, გადაწყვეტილებას არ იღებს არც ის პროკურორი, რომელიც საქმეზე არის, არამედ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს, მხოლოდ და მხოლოდ, ნიკა გვარამიას განეიტრალებას.
იმდენად აბსურდულ რაღაცებზე ამახვილებს ყურადღებას პროკურატურა, არ ვიცი. ერთადერთი ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩემი დაკავშირება უნდოდეთ ამ საქმესთან, რომ მე არ ვიყო ნიკა გვარამიას ადვოკატი და ვერ შევძლო მისი ინტერესების დაცვა, შესაძლებელია, ერთადერთი ეს მიზანი ჰქონდეთ, სხვა არაფერი მიზანი არ შეიძლება არსებობდეს ბუნებაში, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი დანაშაულის ნიშანი, არათუ დანაშაულის ნიშანი, არამედ სამოქალაქო წესით, რომ ედავოს ახლა უკვე მოქმედი პარტნიორი, სამოქალაქო წესითაც კი სარჩელს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, მითუმეტეს დანაშაულზე საუბარი არის სრულიად გამორიცხული და წარმოუდგენელი რამ,“ – ამბობს საძაგლიშვილი “რუსთავი 2-თან” ინტერვიუში.
“რუსთავი 2-ის” ყოფილ გენერალურ დირექტორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.