ეს შეთანხმება შესაძლებელი იმიტომ გახდა, რომ საქართველოს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჰყავს- თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის იმიტომ შედგა, რომ საქართველოს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჰყავს.

,,რომ არ ყოფილიყო ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება, რომ არ ყოფილიყო ოპოზიცია, საერთაშორისო პარტნიორები და ეს ყველაფერიც რომ არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა ეს შეთანხმება ვერ მოხდებოდა. ეს შეთანხმება გახდა შესაძლებელი იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, საქართველოს აქვს მდგრადი პოლიტიკური სისტემა. ამით მოიგო პირველ რიგში საზოგადოებამ და ქვეყანამ და აქ არავის არაფერი უჩუქნია ერთმანეთისთვის და არც დაუთმია, ნურაფერს ნუ მივიწერთ ჩვენს თავზე, ეს არჩევნებიც და დემოკრატიაც ეკუთვნის ხალხს. ამიტომ, პოლიტიკოსებმა თუ რამე დათმეს, თუ მაინც ვინმე ამ ტერმინს იყენებს, მე ვფიქრობ, რომ დათმეს მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მათ დაამტკიცეს, რომ პოლიტიკაში ყოფნის ლეგიტიმაცია აქვთ”,- აცხადებს თალაკვაძე.

მისივე თქმით, 2019 წლის 14 ნოემბერს ,,ქართულ ოცნებას” პროპორციული არ ჩაუგდია, უბრალოდ ,,თარიღი შეუცვალა და მეტი არაფერი”.

ცნობისთვის, 8 მარტს ოპოზიციასა და ხელისფლებას შორის შეთანხმება შედგა. ერთი მემორანდუმის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 130/20 სისტემით, 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. მეორე მემორანდუმის გათვალისწინებით კი, ოპიზიციის თქმით, პოლიტიკური დევნა შეწყდება და პოლიტპატიმრები ციხეს დატოვებენ.

,,ქართული ოცნება” საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ საკონსტიტუციო ინიციატივას პარლამენტში მაქსიმუმ 11 მარტს წარადგენს.