ეშლი გრემის ფოტოს კაფეში, სადაც შვილს ძუძუთი კვებავს დიდი დისკუსია მოჰყვა

32 წლის მოდელი, ეშლი გრემი, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა დედა, თაყვანისმცემლებს გულახდილად უზიარებს საკუთარ გამოცდილებას. ის შელამაზების გარეშე ყვება, რა სირთულეებს აწყდება ქალი მშობიარობის შემდეგ და გულწრფელად ამბობს, რომ დედობა ძალიან რთულია როგორც მორალური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით.
ორი დღის წინ გრემმა იმის დემონსტრირება გააკეთა, რომ მისთვის საზოგადოებრივ ადგილებში ბავშვის ძუძუთი კვება მისაღებია. მოდელმა სოციალურ ქსელში დადო კაფეში გადაღებული ფოტო, რომელზეც თან ყავას მიირთმევს და თან ახალშობილ ვაჟიშვილს, აიზეკს ძუძუთი კვებავს.

პოსტის კომენტარებში როგორც მოსალოდნელი იყო დიდი დისკუსია გაჩაღდა. ზოგმა მოდელს მხარი დაუჭირა, ზოგმა კი გაკიცხა და აღნიშნა, რომ ძუძუთი კვება ძალიან პირადული საქმეა და მისი საჯაროდ გამოფენა არ არის საჭირო.

“არა, არა და არა. არავის უნდა ამის ყურება. დედამ ეს პროცესი საჯაროდ არ უნდა გამოფინოს. ზოგს არ უნდა უყუროს როგორ აჭმევს დედა შვილს ძუძუს და ეს მათი უფლებაა. რა მოხდება რომ რამე ნაჭერი აიფაროს ამ დროს ქალმა. ამის გამო ტაშის დაკვრას ნამდვილად არ იმსახურებ, მიუხედავად იმისა რომ ვარსკვლავი ხარ“

“მომწონს დედობა, მაგრამ რატომ თვლის ზოგი, რომ საკუთარი მკერდის გამოფენა კარგია? ეს სულაც არ არის ლამაზი. შენ ბევრ რამეში მისაბაძი მაგალითი ხარ, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია“

“იმედია ბევრი მიხვდება, რომ ეს არის საჩუქარი, რომლისაც არ უნდა გრცხვენოდეს“

„ეს ყველა მეძუძურმა დედამ უნდა ნახოს! მშვენიერი დედები ფორმის და ზომის მიუხედავად ბავშვებს საჯაროდ აჭმევენ. ძალიან მაგარია!„

– ასეთი რადიკალურად განსხვავებული კომენტარები დაწერეს მომხმარებლებმა ეშლი გრემის ფოტოზე.

გრემი ერთადერთი ვარსკვლავი არ არის, რომელმაც ასეთი ფოტო გამოაქვეყნა. მაგალითად, კრისი ტეიგენმა შვილს საჯაროდ აჭამა ძუძუ და ამის ამსახველი ფოტო ინსტაგრამზე დადო. ბოლო დროს სულ უფრო მეტი ცნობილი ქალი მოუწოდებს დედებს, ნუ მოერიდებათ საჯარო ადგილებში ბავშვის ძუძუთი კვება. ეს ტენდენცია თანდათან მოდური ხდება.