ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა

შაბათ საღამოს ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის მეუღლეს, ბეგონა გომეზს, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობამ გაავრცელა.

„პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე თავს კარგად გრძნობენ და ლა მონკლოს რეზიდენციაში რჩებიან,“- აცხადებენ მთავრობაში.

ესპანეთში უახლესი მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 6391 შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილი კი 196-ია.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პრემიერ-მინისტრი კრძალავს სახლიდან გასვლას გადაუდებელი შემთხვევების გარდა. მოქალაქეებს შეუძლიათ გავიდნენ აფთიაქში, საჭირო ნივთების შესაძენად ან სამსახურში.

მალე დაიხურება ყველა მუზეუმი, კულტურული ცენტრები და სპორტული ადგილები. რესტორნებმა და კაფეებმა შეიძლება მხოლოდ სახლში მიტანის სერვისი გამოიყენონ.

აუცილებელი სერვისები, როგორიცაა ბანკები და ბენზინგასამართი სადგურები, ღია დარჩება. სკოლები უკვე დახურულია მთელ ქვეყანაში.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება ორი კვირის განმავლობაში, თუმცა თუ მეტი გახდება საჭირო, პარლამენტი მას დაამტკიცებს.