ევროპის საბჭოს მინისტერიალი თბილისში აღარ გაიმართება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია მაისში, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

„ჩვენ 2019 წელს განვაცხადეთ, რომ მინისტერიალი საქართველოსი ჩატარებულიყო, ეს იყო გულწრფელი სურვილი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი, მაღალი დონის ღონისძიებისთვის, რომელიც მართლაც უპრეცედენტო იქნებოდა, რადგანაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი სახის მაღალი დონის ღონისძიებისთვის საქართველოს არ უმასპინძლია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან განგვეხილა ყველა შესაძლო სცენარი, რომ არ დაზიანებულიყო ჩვენი, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რეპუტაცია“, – ამბობს ზალკალიანი.

საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია თბილისში უნდა გამართულიყო, თუმცა გაურკვევლობა შეიქმნა რუსეთის დელეგაციის, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სესიაში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.