,,ევროპული საქართველოს” ოფისთან აქცია დღესაც იმართება

აქტივისტები ,,ევროპული საქართველოს” ოფისთან დღესაც შეიკრიბნენ.

ისინი უკვე მე-4 დღეა ითხოვენ, რომ ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საპარლამენტო მანდატი დატოვონ, რადგან მათ პარლამენტში საბჭოთა ჰიმნი გააჟღერეს.

,,მათი უპასუხისმგებლო, არშემდგარი პერფორმანსის გამო იმ სიმბოლურ ადგილზე, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის არაერთმა ჩვენმა თანატოლმა წლების განმავლობაში საკუთარი სიცოცხლეც კი დათმო, ამ ადამიანებმა პრორუსული ჰიმნის გაჟღერებით, ვფიქრობთ, რომ არა საქართველოს ევროპულ მომავალს შეუწყეს ხელი, არამედ პირიქით”,- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქტივისტები უარყოფენ, რომ ,,ქართული ოცნების” პარტიული აქტივისტები არიან და ირწმუნებიან, რომ ,,ევროპული საქართველოს” ოფისთან საკუთარი ნებით, ჯანსაღი პროტესტის გამოსახატად მიდიან.

20 თებერვალს მოძრაობამ ,,გხედავ” შეძლო აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება. მოძრაობის ცნობით, ისინი ქართული ოცნების” აქტივისტები არიან.

18 თებერვალს ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტში სსრკ-ის ჰიმნი არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს ჩართეს იმის ხაზგასასმელად, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ქვეყანას საბჭოთა მეთოდებით მართავს.