ევროსასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის 10 მილიონის გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე რუსეთის ფედერაციას საქართველოს სასარგებლოდ 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა. საქმე ეხება კომპენსაციის გადახდის საკითხს საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ. გადაწყვეტილებას მხარი 16–მა მოსამართლემ დაუჭირა. ერთი წინააღმდეგ წავიდა.
ამ საქმეზე საქართველომ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. 2014 წლის 3 ივლისს დავა არსებითად საქართველოს გამარჯვებით დასრულდა და დაიწყო დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებული პროცედურები. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოს 1795 ქართველი მსხვერპლის შესახებ დეტალური მონაცემები მათი გამოძევების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად გაუგზავნა.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მისი აღსრულების პროცედურები დაიწყება. რუსეთის ფედერაციის მიერ თანხის ჩარიცხვის შემდეგ ის დაზარალებულებზე გადანაწილდება სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი წესით და პირობებით.