ფაქტიურად, “იმედმა” და სახელისუფლებო სპიკერებმა უმუშევრად დატოვეს РТР, 1 канал, НТВ-გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “იმედზე” გასულ სკანდალურ  ფილმს აფასებს, რომელიც აგვისტოს ომს ეხებოდა. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ფილმი სახელისუფლებო პროპაგანდის ნაწილია, რომელიც რუსულ ინტერესებს ემსახურება, ხოლო ტელეკომპანია “იმედმა” რუსულ პროპაგანდისტულ მედიებზე კარგად შეასრულა მტერი სახელმწიფოს რბილი ძალის მთავარი ამოცანა. 

“რაც შეეხება “იმედზე” გასულ ფილმს.
აქ მთავარი კითხვა არ არის – რა არის ამ ფილმში სიმართლე და რა ტყუილი?
მთავარი კითხვაა – სად მთავრდება ხელისუფლებისთვის ვიწრო პოლიტიკური ინტერესი და იწყება სახელმწიფო ინტერესი?
როგორც ჩანს, პირველი არ მთავრდება არასდროს და შესამბამისად, მეორე არ იწყება.
იგივე ისტორიის გაგრძელებაა, როდესაც ლარის კურსის ვარდნას და მთლიანად ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს ხელისუფლება უკავშირებს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს და კერძოდ რუსი ტურისტების ნაკლებობას.
ნებსით, თუ უნებლიედ სახელისუფლებო პროპაგანდა ნებაყოფლობით ასრულებს რუსული რბილი ძალის მთავარ ამოცანას – რუსეთის გარეშე საქართველოში არ იქნება არც მშვიდობა და არც კეთილდღეობა.
ფაქტიურად, “იმედმა” და სახელისუფლებო სპიკერებმა უმუშევრად დატოვეს «РТР», «1 канал», «НТВ», რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ამ აზრს ამკვიდრებდნენ”-წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასულ ფილმს ოპოზიციასა და საზოგადოებაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ფილმის პროდიუსერი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილია.