კომპანია „ფრეგოს“ სადგურებზე, რომლის დამფუძნებლები დააკავეს, საწვავის გაყიდვა შეჩერებულია. ამის შესახებ განცხადებას “ფრეგო” ავრცელებს.
“ობიექტური მიზეზების გამო შეფერხებულია საწვავის გაცემა ავტოგასამართ სადგურებზე და ვერ ხერხდება საწვავის მიწოდება/რეალიზაცია.
კომპანია „ფრეგო“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რათა დროულად მოხდეს არსებულ სიტუაციაში გარკვევა და შეფერხების აღმოფხვრა. არსებულ მდგომარეობაში გარკვევისთანავე, „ფრეგო“ მზად არის გააგრძელოს ჩვეულ რეჟიმში მუშაობა.
ნებისმიერ ცვლილებასა და დამატებით ინფორმაციას კომპანია „ფრეგო“ უწყვეტ რეჟიმში მოგაწვდით ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით.
დიდი მადლობა ნდობისა და თანადგომისთვის”-აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
„ფრეგოს“ დამფუძნებლებს, გიორგი თოფჩიშვილს და ვლადიმერ ყველაშვილს, წინასწარი პატიმრობა ორშაბათს შეუფარდეს.