გადაყენების შესახებ მედიით გავიგე-ყოფილი მინისტრი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი,ინგა შამილიშვილი აცხადებს, რომ  მისი გადაყენების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებით შეიტყო.

„თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიით გავიგე , მე მანამდე ვესაუბრე თორნიკე რიჟვაძეს სანამ განცხადება გაკეთდებოდა ,მერე კომუნიკაცია არ მქონია „ – განუცხადა შამილიშვილმა აჭარის ტელევიზიას.

შეგახსენებთ, დღეს დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში რუსული სიმბოლიკით მარში მოეწყო.

მსვლელობა როსტოვიდან ჩამოსულმა ანსამბლმა გამართა, რომლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის.

ფესტივალი, რომელშიც როსტოვის ანსამბლი მონაწილეობს, აჭარის განათლების სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული.

აჭარის  განათლების ყოფილი მინისტრის თქმით, რუსეთის დროშებით მსვლელობის შესახებ მან არაფერი იცოდა, თუმცა სამინისტროს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია საპირისპიროს მოწმობს. ირკვევა რომ მარში და ნაციონალური სიმბოლიკის გამოყენება  სამინისტროსთან შეთანხმებული იყო.

“26 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობა გაიმართება ნაციონალურ ტანსაცმელებში ქართველი და 18 უცხოური კოლექტივის მონაწილეობით”,- ნათქვამია აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ  ვებ გვერდზე 24 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც  მონაწილე  ქვეყნებს შორის რუსეთიცაა მითითებული.