გაეროს შტაბ-ბინაში მომუშავე ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდგინდა

გაეროს კორესპონდენტთა ასოციაციის ინფორმაციით, გაეროს შტაბ-ბინაში მომუშავე ერთ ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდგინდა.

,,ტესტმა აჩვენა, რომ ასოციაციის ერთ-ერთ წევრს ახალი კორონავირუსი აქვს. ანალიზის პასუხი 17 მარტს გახდა ცნობილი“, – წერია მათ განცხადებაში.

ასოციაცია ნიუ-იორკის შტაბ-ბინის ხელმძღვანელობისგან ბრიფინგების ოთახისა და ორი სართულის გაწმენდას ითხოვს.

დაავადებულს ინფექცია მსუბუქ ფორმაში გამოუვლინდა და ის ექიმების რეკომენდაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება.

ინფიცირებული ჟურნალისტი გაეროს შტაბ-ბინაში ბოლოს 12 მარტს იმყოფებოდა და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ბრიფინგს დაესწრო, იყო დელეგატების ოთახში და მესამე სართულზე განთავსებულ პრესის თანამშრომელთა ზონაში. მას სიმპტომები 13 მარტს გამოუვლინდა.