გამოიკვეთა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმების მანკიერი პრაქტიკა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სავარაუდოდ, ეს არ არის ის კლასიკური შემთხვევა, რასაც ჰქვია ქურდების მიერ ციხის მართვა. თუმცა შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ისინი არიან ერთგვარი მაყურებლები ან არაფორმალური გავლენის მქონე პირები, რომლებსაც ეს ლეგიტიმაცია ციხეში აქვთ სწორედ ციხის ადმინისტრაციასთან და არიან ადამიანები, რომლებიც პატიმრებს ეუბნებიან, რომ ისინი მოუგვარებენ პრობლემებს, რომ მათ არ უნდა იჩივლონ სხვადადხვა საკითხებთან დაკავშირებით. რეალურად ისინი აგვარებენ ციხეში არსებულ სხვადასხვა პრობლემებს. ამის დასტურია ისიც, რომ ჩვენთან საუბარიც ხშირად ხდება მათი თანდასწრებით და შეიმჩნევა ის, რომ ეს ადამიანები ერევიან ფაქტობრივად, პატიმრების ყველა გადაწყვეტილებაში და აკონტროლებენ მათ საუბრებს, ქმედებებსა თუ კომუნიკაციას გარე სამყაროსთან“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.