განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  განზრახ მკვლელობისთვის და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ა.მ. დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად  17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს, ქ.თბილისში, ონაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, რ.უ.-ს და ა.ს.-ს სხეულის სხვადასხვა არეში დანით სიცოცხლისთვის სახიფათო რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული ჭრილობის შედეგად რ.უ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ა.ს.-მ გაქცევით უშველა თავს. გადაუდებელი ოპერაციების შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ა.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.