გეოგრაფიულად შეუძლებელია საქართველოს 40-ზე ნაკლებ მაჟორიტარულ ოლქად დაყოფა- მდინარაძე

,,ქართული ოცნების” წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს 40-ზე ნაკლებ მაჟორიტარულ ოლქად დაყოფა გეოგრაფიულად შეუძლებელია.

მისი თქმით, 40 ოლქი ოპტიმალურია, ხოლო 20, რასაც ოპოზიცია მმართველ გუნდს სთავაზობს, წარმოუდგენელია.

,,როგორ წარმოუდგენია ვინმეს 20 საარჩევნო ოლქად დაიყოს საქართველო, ანუ 4-5 რაიონი როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში გაერთიანდეს ერთ მაჟორიტარულ ოლქში, ვინმემ მომიყვეს და მერე შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ ცოტა სერიოზულად მაინც. 40 არის უბრალოდ ოპტიმალური რაოდენობა. ჩვენთვის იგივეა, რომელიც უნდა ამოირჩიონ, 100/50-ზე, 110/40-ზე, მაგრამ 40-ს ქვევით უბრალოდ, გეოგრაფიულადაც კი შეუძლებელია ნორმალური დაყოფა და არასერიოზულობას იძენს ეს ყველაფერი”,- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ამ დროისთვის ოპოზიცია ,,ქართული ოცნებისგან” პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებულ საარჩევნო მოდელს ელოდება.

მმართველმა ძალა რამდენიმე დღის წინ 40%-ის პრინციპის კანონში ჩაწერის ინიციატივით გამოვიდა, ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ სანამ კანონპროექტს არ ნახავენ, შეთანხმებაზე საუბარი ზედმეტია.