ბათუმის მერიას გონიო – კვარიათის სანაპირო ზოლში ბუნგალოების განთავსებაზე აუქციონის გამოსაცხადებლად ემზადება. მერიაში ამბობენ, რომ დაახლოებით ათ დღეში დასრულდება მუშაობა ერთიან კონცეფციაზე, რომლის მიხედვით ტერიტორიის განკარგვაზე აუქციონი გამოცხადდება. პარალელურად გრძელდება მოლაპარაკებები იმ მეწარმეებთან, რომლებსაც სანაპიროზე დიდი ხანია აქვთ გახსნილი კვების ობიექტები.
ბათუმის მერის განცხადებით არ არის გამორიცხული აუქციონის დასრულებამდე, მათ იჯარის თანხის გადახდის შემდეგ მუშაობის უფლება მიეცეთ. რამდენიმე კვირის წინ მეწარმეებს მერიამ უნებართვო ობიექტების დემონტაჟის მოთხოვნა გაუგზავნა, რასაც მათი პროტესტი მოყვა. მერიაში აცხადებენ, რომ აუქციონის გზით ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარ პირობებში ჩააყენებენ.