დეპუტატ სოფიო ქაცარავას მიერ პარლამენტის დატოვების შემდეგ ქართული ოცნების სიის მიხედვით პარლამენტში შესვლა ბიზნესმენ ბენო ქაშაკაშვილს უწევს. ის ქართული ოცნების აქტიური წევრი და მხარდამჭერი იყო, თუმცა ბოლო დროს ნაკლებად ჩნდება ეთერში. ამის მიზეზი შესაძლოა მისი სკანდალური განცხადება გახდა, რომელიც მან ტელეკომპანია კავკასიის ეთერში, გადაცემა ბარიერში გააკეთა. მან მცოცავ ოკუპაციაზე საუბრისას თქვა რომ რუსებმა “ჰაჰა 500 მეტრით“ გადმოიწეს მავთულხლართები. ბენო ქაშაკაშვილის ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა. მის სასტუმროსთან არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქციები გამართეს და მავთულხლართები შემოავლეს. ბენო ქაშაკაშვილმა მაშინ ბოდიში მოიხადა.
ბენო ქაშაკაშვილის სკანდალში გახვევის შემდეგ ქართული ოცნება უარყოფდა, რომ ის მათი წევრია, თუმცა ფაქტია, რომ ის ოცნების სიაში 53-ე ნომრად წერია და დეპუტატის გამოთავისუფლებული ადგილის დაკავება მას უწევს.
სოფიო ქაცარავამ და ოცნების 9 დეპუტატმა უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება პროპორციული არჩევნების საკითხის ჩავარდნის შემდეგ მიიღეს. დღეს კი სოფიო ქაცარავამ განაცხადა, რომ არა მხოლოდ ოცნებას, არამედ დეპუტატის მანდატსაც ტოვებს.