იაგო ხვიჩიას აზრით, კარანტინში გადაყვანილ ადამიანებს თავისუფლება უკანონოდ აქვთ აღკვეთილი

“იმის გამო, რომ აეროპორტში ,,არასწორი” სხეულის ტემპერატურა ჰქონდათ, მსოფლიოში უამრავი ადამიანი ჰყავთ უკანონო პატიმრობაში”-აცხადებს “გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია. ხვიჩია მიიჩნევს, რომ კარანტინში მყოფ ადამიანებს თავისუფლება უკანონოდ აქვთ აღკვეთილი.

“ჩვენ, ,,ღირსეულად” ავყევით მსოფლიო ტრენდს და ათეულობით უდანაშაულო ჩვენი და სხვისი მოქალაქე გვიზის აბასთუმანში, ჰერკულესის იძულებით დიეტაზე.
თავისუფლება აქვთ აღკვეთილი, ციხეში ზიან.
თუ სწორად შეხედავთ, კლასიკური მაგალითია, ეფემერული უსაფრთხოების დაცვის მოტივით, რამდენი უდანაშაულო ადამიანის თავისუფლების დათმობაზე ვართ წამსვლელები.
თან მეტს ვთხოვთ მთავრობას, მოვუწოდებთ რომ მეტი უნდა ჩასვან კარანტინში, რათა გრიპი არ გავრცელდეს.

გრიპს ვებრძვით აეროპორტში ხალხის მოხსნით და პალატა-საკანში მოთავსებით.
მერე იმ ხალხთან მივდივართ, ვისაც ეს ხალხი ახლო წარსულში შეხვედრია და ისინიც კარანტინში მიგვყავს.
ვინც უკვე მიხვდა რომ პატიმარია, გაქცევა ცადა და დაიჭირეს, გიჟიაო (ეგ რო არ ეთქვათ ის უბედური დასაჭერი გახდებოდა გაქცევისთვის), დანარჩენები როცა მიხვდებიან მაშინ ამოიღებენ ხმას.
ჩვენი სახელით ხდება ეს.
მითხრეს, ვერ გაგიგებენ, რა არ მოგწონს, ყველგან ეგრეაო, მაგრამ იმის გამო რომ ყველგან ეგრეა, ეს ყველაფერი შეიძლება ნორმალური იყოს?

P.S. იმედია, პალატა-საკნები არ ეყოფათ!” წერს იაგო ხვიჩია.