განათლების საკითხთა მკვლევარმა შალვა ტაბატაძემ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნების საკითხზე განუცხადა. მისი თქმით, სკოლებში, დაწყებითი კლასის სახელმძღვანელოები ყოველთვის ითვალისწინებდნენ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ პრინციპებს.
„გოგებაშვილის „დედა ენა“ თავის დროზე რამდენიმე ფაქტორის გამო იყო მნიშვნელოვანი. პირველი – ის კარგად ითვალისწინებდა იმ დროს არსებულ კონტექსტს, ანუ იმ კონტექსტში როდესაც მიდიოდა რუსიფიკაცია, ქართულს ემუქრებოდა საფრთხე, როდესაც ადამიანებმა არ იცოდნენ წერა -კითხვა, მასწავლებელთა კვალიფიკაცია იყო დაბალი, მან ამ კონტექსტის შესაბამისად შექმნა სახელმძღვანელო, რომელიც იყო მნიშვნელოვანი რესურსი იმ კონტექსტისთვის. დღეს კი, 21-ე საუკუნეა, სულ სხვა კონტექსტია და სხვა მიმართება სჭირდება განათლების სფეროს და მის განვითარებას. კონტექსტზე მორგებული პრინციპი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო გოგებაშვილის დროს, ეს პრინციპი დარღვეულია.
გოგებაშვილი თავის დროზე იყო პროგრესი და განვითარება საზოგადოების, ქვეყნის, დღესდღეობით სამწუხაროდ გოგებაშვილი აქციეს მუხრუჭად, იმიტომ, რომ გოგებაშვილის მიდგომის მიღმა თუ რაიმე გაჩნდა საგანმანათლებლო სისტემაში, ის აუცილებლად იქნება გაკიცხული და მე-19 საუკუნის მიდგომებით, ვდგავართ 21-ე საუკუნეში, ანუ ვართ მუხრუჭისა და რეგრესის ქვეშ. ამის მაგალითი იყო შარშან, სახელმძღვანელო პირველი კლასის, რომელიც იყო დაწუნებული , სწორედ იმიტომ, რომ გოგებაშვილის პრინციპებზე იყო დაფუძნებული, თუმცა ამას აკეთებდა მრავალფეროვანი და განსხვავებული მიდგომებით, სწორედ ეს იყო მისი დაწუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. სწორედ ლუსტრაცია მოხდა, პროგრესი და განვითარება კი არ არის, რაც თავის დროზე იყო გოგებაშვილი და მისი მიდგომები, არამედ ვართ რეგრესისკენ წასულები და არანაირი პერსპექტივა საზოგაოდების განვითარების არ გვაქვს და არც უნარი, რომ შევქმნათ რაიმე ახალი და ღირებული, რომელიც იქნება 21-ე საუკუნის კონტექსტისა და მიდგომების შესაბამისი“, – აღნიშნა შალვა ტაბატაძემ.