ინფექციურ საავადმყოფოში შემოყვანილი ჩინელი მამაკაცი შესაძლოა კორონავირუსით იყოს ინფიცირებული- თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციურში გადაყვანილი ჩინელი მამაკაცი შესაძლოა კორონავირუსით იყოს დაავადებული.

მისი თქმით, მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მას ვირუსისთვის დამახასიათებელი ყველა ჩივილი აქვს.

ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ზუსტი პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

„ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ყველა ჩივილები აქვს. ტემპერატურა ამჟამად 37.5 გრადუსი აქვს, მაგრამ ადრე ჰქონდა 38 როგორც თვითონ ამბობს. იმის გათვალისწინებით, რომ მას ცალსახად აქვს მწვავე რესპირატორული ინფექცია და არის ჩამოსული პეკინიდან არსებობს ალბათობა, რომ ის იყოს ინფირცირებული ახალი კორონავირუსით, თუმცა ამის მყარი არგუმენტები და კლინიკური ნიშნები ჯერ არ გავქვს. ახლა პაციენტს გაუკეთებენ რენდგენოლოგიურ გამოკვლევას, ასევე აღებულია ხახის ნაცხი და გაუკეთებენ გრიპზე გამოკვლევას, იქნებ ჩვეულებრივი გრიპი აქვს, იმიტომ რომ გრიპს ჰგავს ძალიან. გაუკეთებენ ასევე სისხლის ანალიზს. ამ საღამოს, უკვე 8 საათისთვის ეს ყველაფერი გვეცოდინება და უფრო დამაჯერებელ პასუხსს გაგცემთ, ხვალ იქნება უკვე ანალიზის პასუხი კორონავირუსის ინფექციაზე”,- ამბობს ცერცვაძე.

მისივე თქმით, ლაბორატორიული პასუხის მიღებამდე პაციენტი მათი მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.

,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთვევაშიც არ არის ახალი კორონა ვირუსით ინფექცია, არის სხვა რესპირატორული ვირუსი, თუმცა ეს შეთხევევა მაინც განიხილება, როგორც შესაძლო შემთხვევა და ლაბორატორიული ანალიზის პასუხის მიღებამდე დარჩება ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ. დაახლოებით 28-29 წლის ახალგაზრდა მამაკაცია. მის თანხმლებ პირს არაფერი არ აქვს”,- აღნიშნავს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი.

პაციენტი დღეს, რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში.