ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, სირთულეები დიალოგით მოგვარდეს

{{ARTICLEIMAGE}}
მმართველ გუნდში არსებული სირთულეები დიალოგის საფუძველზე უნდა მოგვარდეს, ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს.

“ჩვენ ამისთვის მზად ვართ” – უთხრა ჟურნალისტებს კობახიძემ, რომელიც გვიან ღამით სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო საშობაო ღვთისმსახურებას. იყო თუ არა გუნდში საუბარი ეკა ბესელიასთან სამომავლო ურთიერთობების შესახებ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საუბრები აქვთ და ეს საუბრები რა თქმა უნდა, გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში დაბრუნდა. მედიასთან საკუთარი გეგმების და პოზიციის შესახებ ის დღეს ისაუბრებს. ბესელიამ პირველი განცხადება წუხელ საშობაო ლიტურგიის დროს სამების საკათედრო ტაძარში გააკეთა.  ის ამბობს, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

დაპირისპირება ეკა ბესელიას, პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს შორის ორი კვირაა, გაცხადდა. ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების სია დაასახელა. საკუთარი მოვალეობის შესრულება კი გედევან ფოფხაძეს გადააბარა, რომელიც მანამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. გასულ კვირას, საპარლამენტო უმრავლესობის შეკრებაზე, რომელსაც ბესელია არ ესწრებოდა, გედევან ფოფხაძე  იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს. როგორი იქნება ამ გადაწყვეტილებაზე ეკა ბესელიას რეაქცია და დატოვებს თუ არა ის უმრავლესობას – უცხოეთში მყოფი ეკა ბესელია ამბობდა, რომ ამ საკითხზე განცხადებას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებდა.