ირანთან და ჩინეთთან ფრენების შეჩერების გამო ტურიზმი თვეში მინიმუმ 30 მილიონის ზარალს განიცდის- ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვით და შეჩერებით ტურიზმი თვეში მინიმუმ 30 მილიონის ზარალს განიცდის.

მისი თქმით, მთავრობა ამ ,,არაპოპულარულ ნაბიჯზე” მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით წავიდა.

„კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა, რომლის წინაშეც მთლიანად მსოფლიო დადგა. დღეს უკვე მიმდინარეობს საუბარი მსოფლიოში იმის თაობაზე, რომ გლობალური ეკონომიკა, გლობალური ვაჭრობა სერიოზულად ზარალდება, ზარალდება ავიაციის სფერო, ზარალდება ტურიზმის ბიზნესი და არამხოლოდ. საქართველოში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა დაცული იყოს. ამას აბსოლუტურად მომზადებული ვხვდებით, ამიტომ ჩვენთვის ყველა სხვა ინტერესთან შედარებით, უპირატესია ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა. ამიტომ წავედით იმ არაპოპულარულ ზომებზე, რაც პირდაპირი ფრენების შეზღუდვა და შეჩერებაა ირნთან, ჩინეთთან.

რა თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი ტურიზმის განვითარებას. პირდაპირი ზიანი მხოლოდ ირანის და ჩინეთის მიმართულებიდან, რასაც ტურიზმში ველოდებით, სულ მცირე 30 მილიონი ლარია თვეში. იქიდან გამომდინარე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, ზარალი მოიმატებს, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მსოფლიო სწრაფად გაუმკლავდება ამ გამოწვევას, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ მარტო ამ სიტუაციაში“, – განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთთან და ირანთან ფრენები მთავრობამ კორონავირუსის საფრთხის გამო შეზღუდა. ირანთან მიმოსვლა მხოლოდ სახმელეთო გზით არის შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის შემთხვევები ევროპის ქვეყნებშიც დაფიქსირდა, ხელისუფლება მათთან ფრენების შეჩერებას ჯერჯერობით არ გეგმავს.