შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი კ.ბ. და 1971 წელს დაბადებული ა.ქ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ისანში დააკავეს.
ბრალდებულები მიმდინარე წლის 1 აგვისტოს, თბილისში, ოცხელების ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გაქურდვის მიზნით შედიოდნენ, თუმცა განზრახვა ვერ განახორციელეს, რადგან სამართალდამცველებმა ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია კარის გასაღები ხელსაწყოები – ე.წ. “ატმიჩკები”.
პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო, სავარაუდოდ, ნაქურდალი ძვირფასი სამკაულები, დიდი ოდენობით თანხა და კარის საკეტების გასაღები კუსტარული ხელსაწყოები. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.