იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთის მაჩვენებელს გადააჭარბა

რამდენიმე წუთის წინ განახლებული ინფორმაციის მიხედვით იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ამ ვირუსით ჩინეთში გარდაცვლილთა რიცხვს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის მონაცემებით იტალიაში 427 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში კი გარდაცვლილთა რაოდენობამ 3405 შეადგინა. ჩინეთში კი ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობა 3245–ს შეადგენს. განახლდა ინფორმაცია დაინფიცირებულთა შესახებაც. იტალიაში ბოლო 24 საათში დაინფიცირებულთა რიცხვი თითქმის 6000–ით გაიზარდა და ამ დროისთვის 41 035–ს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ იტალიის მოსახლეობა 60 მილიონია, ჩინეთის კი 1 მილიარდ 300 ათაზე მეტი.

ჩინეთში სულ კორონავირუსით სამი თვის განმავლობაში 80 928 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 3245 გარდაიცვალა.

იტალიას მთელ მსოფლიოში დაინფიცირების და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ერთ მილიონ მოქალაქეზე იტალიაში 679 დაინფიცირებული მოდის. მაშინ, როცა ეს რიცხვი ჩინეთში 56–ს შეადგენს, საქართველოსთვის კი 10–ს.

იტალიის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია შვეიცარიაში – 1 მილიონ მოქალაქეზე 455 დაინფიცირებული. შემდეგ მოდის ესპანეთი. აქ ერთ მილიონ ადამიანზე 372 დაინფიცირებული მოდის.

ჯამში ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით 236,915 ადამიანია დაინფიცირებული. გარდაიცვალა 9,829. გამოჯანმრთელდა 86,675 ადამიანი.