იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე “თავისუფალი დემოკრატების” წევრი გახდა

{{ARTICLEIMAGE}}
იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი გახდა. ამის შესახებ პარტიამ 24 დეკემბერს განცხადება გაავრცელა.

“თავისუფალ დემოკრატებსა და სანდრო ბარამიძეს სრული ღირებულებითი თავსდებადობა და ბიოგრაფიული მსგავსებაც გვაკავშირებს. ჩვენთვის ერთნაირად მიუღებელი გახდა წინა ხელისუფლების ძალმომრეობა საკუთარ მოქალაქეებზე და “თავისუფალმა დემოკრატებმა”, როგორც პოლიტიკურმა ძალამ, ხოლო სანდრო ბარამიძემ, როგორც კვალიფიციურმა სპეციალისტმა და პრინციპულმა პიროვნებამ, კოალიცია “ქართული ოცნების” რიგებში გაერთიანებულებმა, ჩვენი წვლილი შევიტანეთ სამართლის გზას აცდენილი ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლაში. როდესაც ნათელი გახდა, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამაც გადაუხვია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზას, “თავისუფალმა დემოკრატებმა“ შედარებით ადრე, ხოლო სანდრო ბარამიძემ ცოტა მოგვიანებით, უარი ვთქვით ხელისუფლებაში ყოფნაზე და არადემოკრატიული ხელისუფლების ოპონირებით გადავწყვიტეთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის სამსახურში დარჩენა”, ნათქვამია “თავისუფალი დემოკრატების”“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ალექსანდრე ბარამიძე, რომელიც ხელისუფლებაში “ქართული ოცნების“ მოსვლამდე ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ადვოკატი იყო, იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ 2013 წელს დაინიშნა. 2018 წლის ივნისში, როცა პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა და მინისტრების მოადგილეები ხელახლა დაინიშნენ, ბარამიძე თანამდებობაზე არ დაბრუნებულა.