ივანიშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორები არიან

ბიძინა ივანიშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორები არიან- ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის სტატისტიკას „ბიზნესპრესნიუსი” აქვეყნებს.

„ბიზნესპრესნიუსმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა იმ ტოპ-10 საწარმოს ჩამონათვალი, სადაც 2019 წლის 1-ელ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

„ბიზნესპრესნიუსის” მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ათეულში არის მათ შორის შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია. ფონდი „ქართუს“ მისამართზე მდებარეობს, ამასთან, მისი 100%-იანი წილი პანამაში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოება – FRANKSTON INTERNATIONAL S.A-ს ეკუთვნის, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ივანიშვილის საკუთრებაშია.

ათეულში გვხვდება ასევე შპს „აი-ბი-ჯი ჰოლდინგ“-ი, რომლის ერთ-ერთი მეწილეც სპორტის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია. კერძოდ, მის საკუთრებაშია კომპანიის – 24%-იანი წილი. ამასთან, კომპანიის 29.22% მის მეუღლეს ეკატერინე ინასარიძეს სახელზეა გაფორმებული.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის 1-ელ კვარტალში 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის 1-ელი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 6.3 პროცენტით ნაკლებია.