“ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს პატარა დრო გონზე მოსასვლელად”-ბოკერია კინზინგერის ინტერვიუზე

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობრების ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის, ახალ ინტერვიუს ეხმაურება.

“პრაგმატულად ყველა ჩვენს მეგობარს აქვს ინტერესი, რომ მის სიტყვას ჰქონდეს ფასი და ეს ადამიანები, ეს უტიფარი ლიდერი და მისი გარემოცვა, საკუთარი ამ ბრიყვული გათვლის გამო, რომ ასე შეინარჩუნებენ ძალაუფლებას, შარში გვხვევენ ჩვენს საუკეთესო მეგობრებთან. ეს ყველაფერი საქართველოსთვის ზიანის მიმყენებელი ვითარებაა, რომელშიც ქვეყანა ივანიშვილმა შეიყვანა.

კარგი იქნება, თუ ივანიშვილი გააცნობიერებს იმას, რა გზაზე დადგა უკვე თვეებია. თუ ამას გააცნობიერებს, მათ შორის ამ გზავნილების შედეგად, ჯერ კიდევ აქვს პატარა დრო გონზე მოსასვლელად,”- ამბობს გიგა ბოკერია.

კონგრესმენმა კინზინგერმა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა.