ჯეკ შეფერდი სამშობლოში გამარტივებულ ექსტრადიციაზე უარს ამბობს, რადგან ბრიტანეთში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის სასამართლო პროცესი, რომელზეც მან გამარტივებული წესით ექსტრადირებაზე უარი განაცხადა.

შეფერდის ადვოკატების თქმით, ეს მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა, რადგან დიდ ბრიტანეთში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საქმის შესწავლის გარეშე ექსტრადიცია შეცდომა იქნება.

“მას სურს კვალიფიციური დახმარების საქართველოში მიღება. ადვოკატებს არ გვაქვს წვდომა საქმის მასალებთან. მსაჯულებმა მიიღეს გამამტყუნებელი ვერდიქტი, მაგრამ ამ საქმის დეტალებს არ ვიცნობთ”, განაცხადა შეფერდის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა. მისი მეორე ადვოკატის, ლევან აფრასიძის თქმით კი, ეს საკმაოდ ფაქიზი სისხლის სამართლის საქმეა და მხარეები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ჯეკ შეფერდს გაერთიანებულ სამეფოში საფრთხე არ დაემუქრება.

აფრასიძე აცხადებს, რომ თუ ექსტრადიცია მოხდება საფრთხეების შეუსწავლელად და შეფერდის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, ეს იქნება ქართული მართლმსაჯულების შეცდომა. ადვოკატმა ისიც თქვა, რომ შეფერდს ემუქრებოდნენ.

ჯეკ შეფერდი მსჯავრდებულია 24 წლის შარლოტ ბრაუნის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის გამო. ბრიტანეთის სასამართლომ მის საქმეზე განაჩენი გამოიტანა გასული წლის ივლისში და ჯეკ შეფერდს დაუსწრებლად მიუსაჯა ექვსწლიანი პატიმრობა. ბრიტანული პრესის თანახმად, ივლისშივე შეფერდზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. საქართველოს შს სამინისტროს განცხადების თანახმად კი “ქართველი და ბრიტანელი სამართალდამცველების თანამშრომლობით, ჯ.ს.შ.-ზე საერთაშორისო არხებით ძებნა მიმდინარე წლის 12 იანვრიდან გამოცხადდა”.

ჯეკ შეფერდი 23 იანვარს ჩაბარდა საქართველოს პოლიციას. 25 იანვარს კი მას სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა მიესაჯა.