ჯიბღაშვილის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე ეკლესიიდან ცნობა წარადგინა,სადაც მას დადებითად ახასიათებენ

ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობის, ლევან ჯიბღაშვილის წინასასამართლო სხდომაზე ადვოკატმა  მტკიცებულებად  წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრიდან ცნობა წარადგინა, სადაც მსახიობი  დადებითად არის დახასიათებული.

ჯიბღაშვილის ადვიოკატის, ანა კოტეტიშვილის განცხადებით, ჯიბღაშვილმა ბრალი აღიარა. 

“ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ძირითადად, ლევან ჯიბღაშვილის პიროვნული მახასიათებლები იყო, მათ შორის, რეკომენდაციები. რაც შეეხება მამათა მონასტრიდან ცნობას, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის დახასიათება. აღნიშნული ეკლესიის მშენებლობაში ლევან ჯიბღაშვილს წვლილი აქვს შეტანილი”, – განაცხადა კოტეტიშვილმა.

ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ჯიბღაშვილი დაკავებიდან მალევე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.