კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია-ცესკო ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე

კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია-ზუგდიდში 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში გუშინ მომხდარი ფაქტის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადაყენების შესახებ, არ დააკმაყოფილა.

“ზუგდიდის საარჩევნო ოქლში უბნების რაოდენობის მიხედვით, ეს პროცესი გადანაწილებულია რამდენიმე დღეზე და მიმდინარეობს საჯაროდ და გამჭირვალედ. კანონის შესაბამისად სიების საბოლოო ვერსიის მათ შორის სამაგიდე ვერსიის გადაცემა უნდა მოხდეს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა, ამ შემთხვევაში ამ დოკუმენტაციის გადაცემა 17 მაისამდე უნდა მოხდეს. ამასთან როგორც საარჩევნო ბეჭდები, ისე რეგისტრატორების ბეჭდები დალუქულია კანონის შესაბამისად და მათი გახსნა მოხდება კანონის შესაბამისად. მათი რაიმე სახით წინასწარ გამოყენება შეუძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ ინვენტარისა და დოკუმენტაციისგადაცემა ასეთ სახეს ატარებს ყოველი არჩევნების დროს და აბსოლიტურად კანონიერი პრაქტიკაა.

ამის მიუხედავად რამდენადაც ეს საკითხი გახდა სპეკულაციის საგანი და ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას თითქოს საარჩევნო უბნების ინვენტარით აღჭურვა იყო კანონდარღვევა და საფრთხეს უქმნიდა არჩევნებს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება სამაგიდო სიების და ბეჭდების უკან საარჩევნო კომისიაში დაბრუნებისა და მოგვიანებით ბიულეტენებთან ერთად გადაცემის შესახებ.ამასთან ინტერპრეტაციების გამოსარიცხად ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის ოლქში კომისიების რეგისტრატორების ბეჭდებს მთლიანად შეცვლის. ცესკო უზრუნველყოფს არჩევნების მიმდინარეობას მაღალი სანდოობითა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად “-განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.