პრაღაში დახურულ კარს მიღმა გამართული სამსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მის მიერ დაანონსებულ უსიამოვნო სიურპრიზზე დასმულ შეკითხვას პასუხობს.
რუსმა დიპლომატმა შეკითხვას არაპირდაპირ, “NATO-სა და აშშ-ის მიერ რეგიონში მზარდი აქტიურობით” გამოწვეული შეშფოთების გამოხატვით უპასუხა:
“უსიამოვნო მოულოდნელობები ვფიქრობ რომ არ იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რეგიონის გარესახელმწიფოთა მისწრაფება, უფრო აქტიურად ჩაერთონ სამხრეთ კავკასიის სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში. ეს, რა თქმა უნდა, იწვევს ჩვენს შეშფოთებას და დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე”, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომელმაც დააზუსტა, რომ გარესახელმწიფოებში იგულისხმება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და აშშ-ის მზარდი აქტიურობა საქართველოს ტერიტორიაზე.
“ჩვენ მოკლედ შევეხეთ რეგიონულ პრობლემებს. და ამასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან გამოითქვა შეშფოთება რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ბლოკისა და აშშ-ის მზარდი აქტიურობის, არაერთი სწავლების ჩატარების გამო საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოების მონაწილეობით. ცხადია, ჩვენ ეს გარკვეული ამოცანების წინაშე გვაყენებს. ვინაიდან იგი არღვევს სახელმწიფოთაშორის კონტაქტების განვითარების ხელსაყრელ ატმოსფეროს, გვაიძულებს ვიფიქროთ შედეგებზე”, განაცხადა გრიგორი კარასინმა რადიო თავისუფლებასთან.