კორონავირუსის დადასტურების გამო, ოკუპირებულმა აფხაზეთმა ე.წ საზღვრები ჩაკეტა

საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო საზღვრები ჩაიკეტა და რეგიონებში კარანტინია გამოცხადებული. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.

„ეს არ არის ხუმრობა, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერია ბგანბამ. მისი თქმით, შეზღუდვები დაწესდება ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გარდა რუსეთისა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.