კრიმინალის მკვეთრი მატება-საქართველოში დანაშაულის რიცხვი 17,23%-ით გაიზარდა

2019 წელს (იანვარი-ივლისი) დანაშაულის რიცხვი 17,23%-ით გაიზარდა. მონაცემებს ინფორმაციის განვითარების ცენტრი ავრცელებს.

მონაცემები შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეყრდნობა. სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში სულ დარეგისტრირდა 38 748 დანაშაული, რაც 17,23% ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2019 წელს ასევე, უარყოფითი ტენდენციაა დანაშაულის გახსნის თვალსაზრისით, რომლის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით 4%-ით გაუარესდა. შესაბამისად, თანაბარი მეთოდოლოგიის და აღრიცხვიანობის პირობებშიც დანაშაულის რიცხვი კვლავ ზრდას განაგრძობს, ხოლო მისი გახსნის მაჩვენებლები შემცირებას.

“2019 წელს რეგისტრირებული დანაშაულის საერთო მაჩვენებლის გაურესების მიზეზების სრულფასოვანი ანალიზისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცალკეული დანაშაულების მიხედვით არსებული დინამიკის ანალიზი. სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით მხოლოდ სატრანსპორტო და სამოხელეო დანაშაულთა ჯგუფების მაჩვენებლები შემცირდა. სხვა რეგისტრირებულ დანაშაულთა ჯგუფის ზრდის მაჩვენებელი 4%-დან – 33%-მდე მერყეობს. მაგალითად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 33%-ით არის გაზრდილი, რაც უმეტესწილად მუქარის მუხლით გამოვლენილი დარღვევების 393 შემთხვევით მატებამ განაპირობა.

წინა წელთან შედარებით, 26%-ით არის გაზრდილი ნარკოტიკული დანაშაულების რიცხვი. მათ შორის, ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღების მუხლით რეგისტრირებულია 257-ით მეტი შემთხვევა, ნარკოტიკული ნივთიერებების განმეორებითი მოხმარებაზე – 227-ით მეტი შემთხვევა. ამ კატეგორიის დანაშაულების მატება, გარკვეულწილად შესაძლებელია წინა წელთან შედარებით კონტროლის გამკაცრებით აიხსნას.

2019 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში წინა წელთან შედარებით 16%-ით გაუარესდა სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა ჯგუფში გაერთიანებული დანაშაულების მაჩვენებელი. მათ შორის აღსანიშნავია, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრული საქმეების რაოდენობის 15,5%-ით (168 შემთხვევით) მატება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განზრახ მკვლელობების რიცხვი 54%-ით (25 შემთხვევით ნაკლები) შემცირდა, თუმცა ამავდროულად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობების რიცხვი 43,7%-ით (7 შემთხვევით მეტი) გაიზარდა.

2019 წელს კვლავ მნიშვნელოვნად (19,6%-ით) გაიზარდა საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რიცხვი. საიდანაც ყველაზე დიდი ზრდა კვლავ (+2265 შემთხვევა) ქურდობაზე მოდის. ქურდობის მაჩვენებლის მსგავსი ზრდის ფონზე აღსანიშნავია ყაჩაღობის შემთხვევების 8%-ით კლება.

მიმდინარე წელს ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი (+305 შემთხევა, +10,38%) გაუპატიურების მაჩვენებელი (+18 შემთხევა, +36%) და კომპიუტერული დანაშაულის მაჩვენებელი (+610 შემთხვეა, +130%) რომელიც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას, კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას და ხელყოფას”-აღნიშნულია IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.