ლაგოდეხის მერიის პრესსამსახური გამოქვეყნებულ ფოტოს ტექნიკური ხარვეზით ხსნის

ლაგოდეხის მერიის პრესამსახურის განცხადებით, მერის მიერ ატვირთული ფოტო, სადაც ის საგზაო სამუშაოებზე ფოტოშოპით იყო ჩასმული, ტექნიკური ხარვეზი იყო.

,,არ ვიცით, ვინ რა გააკეთა, ჩვენი სამსახურის ტექნიკური ხარვეზი უფრო მგონია. ალბათ, ინფორმაციაზე მუშაობის პროცესში დაგვემართა, რომელიც მალევე გამოვასწორეთ”,- ამბობს პრესსამსახურის თანამშრომელი.

თავად მერი, ჯონდო მდივნიშვილი აღნიშნულ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს. მისი თქმით, ბევრად მნიშვნელოვანი საქმეებით არის დაკავებული.

,,გაერთოს ხალხი, გაერთონ ის ადამიანები, ვინც ფიქრობს რომ ეგ (ფოტო) გასართობია და საინტერესოა”,- ამბობს მდივნიშვილი.

რამდენიმე საათის წინ ლაგოდეხის მერმა ,,ფეისბუკ” გვერდზე ფოტო განათავსა, სადაც მისი თავი საგზაო სამუშაოების ამსახველ ფოტოზე ფოტოშოპით არის ჩასმული. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერდნენ, რომ მდივნიშვილმა საგზაო სამუშაოებს ვერ მიუსწრო, რის შემდეგაც თანამშრომლებს ფოტოზე თავი ფოტოშოპით ჩაასმევინა.

ამ ფაქტს ,,ფეისბუქზე” დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მასზე ახალი, არაერთი სასაცილო ფოტო შეიქმნა.