ლელო პარტიად ოფიციალურად დაფუძნდა. დავით უსუფაშვილი ლელოში გაწევრიანდა

მამუკა ხაზარაძის სამოქალაქო მოძრაობა ლელო ოფიციალურად დარეგისტრირდა პოლიტიკურ გაერთიანებად. დღეს პარტიის დამფუძნებელი ყრილობა საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში გაიმართა. პარტიის პირველი ყრილობა მისმა ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ გახსნა და განაცხადა, რომ ყრილობას 1500 დელეგატი ესწრებოდა. ფორმალური პროცედურული საკითხების გავლის შემდეგ ყრილობას მამუკა ხაზარაძემ და სხვა ლიდერებმა მიმართეს, მათ შორის ფიქრია ჩიხრაძემ და დავით უსუფაშვილმა, რომლებიც ლელოში ოფიციალურად გაწევრიანდნენ.  

პარტიის თავმჯდომარედ დაამტკიცეს მამუკა ხაზარაძე. მისი წარდგენით,პარტიის გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე იქნება. პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან:

ლაშა ბაქრაძე — ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი

საბა ბუაძე — იურისტი

დეა მეტრეველი — ფილოლოგიის დოქტორი, ხელმძღვანელობდა ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს და 2018 წლის ფრანკფურთის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის პროექტს

გრიგოლ გეგელია — პოლიტიკური თეორიის დოქტორი

თამაზ დათუნაშვილი — სოციალური ადმინისტრირების მაგისტრი 

სოსო ვახტანგაშვილი — ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პარლამენტის მე-8 მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატი გორიდან

ანა ნაცვლიშვილი — იურისტი, უფლებადამცველი, საიას ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი

ირაკლი კუპრაძე — საჯარო სამართლის იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი

მამუკა კაციტაძე — ახალი მემარჯვენეების წევრი, ყოფილი დეპუტატი

კახა კოჟორიძე — საიას ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური მრჩეველი

გია მორდეხაშვილი — ბიზნესმენი

თამარ შავგულიძე — ხელოვნებათმცოდნე

დავით უსუფაშვილი — პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია შენების მოძრაობის ლიდერი

ფიქრია ჩიხრაძე — ყოფილი პარლამენტარი, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი

გიორგი კანაშვილი — კავკასიის სახლის ყოფილი დირექტორი

კახა ხაზარაძე — ბიზნესმენი

ბადრი ჯაფარიძე — თიბისის დამფუძნებელი