აფეთქება დიდ დიღომში: 3 ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, 4 წლის ბიჭიც გარდაიცვალა (მოვლენათა ქრონოლოგია, განახლებადი ინფორმაცია)

{{ARTICLEIMAGE}}
ძლიერი აფეთქების შედეგი:4 გარდაცვლილი, 7 დაშავებული. გარდაცვლილთა შორის ერთი – 4 წლის ბიჭია, ტყუპისცალი, რომლის დედაც ასევე აფეთქების დროს დაიღუპა.

ნახეთ მოვლენათა ქრონოლოგია:

დიდ დიღომში, ავთანდილის რვა ნომერში, 9-სართულიან კორპუსში, ძლიერი აფეთქება გაზის გაჟონვის შემდეგ, ზუსტად 20:28 საათზე მოხდა. ამის შესახებ პირველი ინფორმაცია სოციალური ქსელის მომხმარებელმა “ფეისბუქზე” გაავრცელა.

ამის შემდეგ რამდენიმე წუთში newsreport.ge-ს ესაუბრა კორპუსის მაცხოვრებელი, რომელმაც თქვა, რომ აფეთქების ხმა ლიფტის დატოვების შემდეგ გაიგო და მომხდარით შოკირებული იყო, რადგან დაინახა, როგორ ჩაწყდა ლიფტის პლატფორმა. ირკვევა, რომ აფეთქებას მოჰყვა ნგრევა და ხანძარი. ასევე თვითმხილველის ცნობით, ადგილზე ბუნებრივი აირის მძაფრი სუნის გამო მაცხოვრებლებმა “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები გამოიძახეს, თუმცა მათ შემოწმების შემდეგ ადგილი დატოვეს იმ მოტივით, რომ “ყველაფერი კარგად იყო”.

უკვე 21:00 საათისთვის: დაზუსტებული ინფორმაციით, აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. შემთხვევის ადგილზე მყოფი საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე ამბობს, რომ აფეთქება მეოთხე სართულზე მოხდა და ის გაზის გაჟონვას მოჰყვა. ადგილზე მუშაობს სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო სამსახური. მობილიზებულია პოლიცია. როგორც პირდაპირი ჩართვებიდან ირკვევა, კორპუსიდან ევაკუაციაც მოხდა. ადგილზე მივიდა თბილისის მერი კახა კალაძე.

გამოიძახეს თუ არა “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები ბუნებრივი აირის მძაფრი სუნის გამო

ამ თემაზე წინასწარი საუბრისგან თავს იკავებს საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე. მისი თქმით, პრეტენზია მოქალაქეებისგან მოისმინა, თუმცა წინასწარ ვერაფერს იტყვის. არ აქვს ინფორმაცია, არიან თუ არა შემთხვევის ადგილზე “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები. მისივე ინფორმაციით, აფეთქების განმეორების საშიშროება არ არსებობს, ნანგრევებიდან ერთი ადამიანია ამოყვანილი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კუპატაძისვე ინფორმაციით, შენობა მთლიანად ევაკუირებულია.



22:00
საათისთვის: არიან დაშავებულები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. ცნობილია, რომ სამი ბავშვი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მიჰყავთ კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. კლინიკის ექიმი ამბობს, რომ აფეთქების შემდეგ კლინიკაში სამი პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან ერთის – “3 ან 4 წლის ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თავის ქალას ტრავმით. და-ძმა, 12 და 8 წლის “ემერჯენსშია”, ზედაპირული ჭრილობებით”. ინფორმაცია იაშვილის კლინიკაში მისულმა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც დაადასტურა. დიდ დიღომში აფეთქების ადგილზე მიდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

22:10 საათისთვის არსებული ვითარება: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია აკეთებს კომენტარს და ამბობს, რომ იაშვილის კლინიკაში მისვლას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს.

ამავე დროისთვის პირველი კომენტარი კეთდება შემთხვევის გამოძიების მიმართულებით: შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე, რომელიც დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსთან იმყოფება, ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება. ასევე ამბობს, რომ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოქალაქეებმა დღის განმავლობაში გამოიძახეს “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლები, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ. საბანაძის თქმით, ამ ეტაპზე ყველა შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელი ადგილზეა: “მიმდინარეობს გამოძიება, გაკეთდება მაქსიმუმი და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად”

10:30 საათი:
ბრალდებების ადრესატი “ყაზტრანსგაზი” კომენტარს არ აკეთებს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი იაშვილის კლინიკაში კომენტარის გარეშე შედის. აფეთქების ადგილზე კი ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ვრცელდება იაშვილის კლინიკაში მყოფი ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი: საბედნიეროდ, დაზიანებები მსუბუქი არის, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ერთი ბავშვი არის საყურადღებო, რომელთანაც მძიმე დაზიანებები ასევე არ აღმოჩნდა. ახლა დამთავრდა კვლევები და კონსულტაცია, 6-ვე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება მეშვიდე პაციენტს, რომელიც სხვა კლინიკაში არის, ახლა მივდივარ მის სანახავად

სად წავლენ კორპუსის აფეთქების დროს დაზარალებულები: ოჯახებს თბილისის მერია დროებითი საცხოვრებლით დაეხმარება. დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ აფეთქების შედეგად მთლიანი კორპუსია დაზიანებული, თუმცა, არ დაუკონკრეტებია რამდენი ოჯახის ევაკუაცია შეიძლება, განხორციელდეს:

“არის დიდი მოცულობის ნანგრევები, ფართების გამოთავისუფლებას დრო სჭირდება. ყველა დაზარალებულ ოჯახს, ვინც ამ ფაქტით ზიანი მიიღო, მაქსიმალურ ყურადღებას, მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს დედაქალაქის მერია. არცერთი ადამიანი დარჩება თავშესაფრის გარეშე. საცხოვრისებით და სასტუმროებით ყველა უზრუნველყოფილი იქნება. მუნიციპალიტეტის ჩართულობა იქნება მაქსიმალური”.

23:00 საათი: ექიმი ამბობს, რომ აფეთქების შეედეგად დაშავებული 4 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ის “იმედის” კლინიკაში რამდენიმე საათის წინ მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს.

“პაციენტს აღენიშნებოდა ქალას ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და ლიქორეა ყურიდან. თავის ტვინის მაგარი გარსი იყო დაზიანებული. გულის რიტმის აღდგენა მოყვანის შემდეგ მოხერხდა, თუმცა, დაახლოებით ნახევაარ საათში პროფილური სისხლდენის შემდეგ კვლავ განვითარდა გულის გაჩერება, რის შემდეგაც გულის მუშაობის აღდგენა ვეღარ მოხერხდა”,განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა.

23:11 საათი: მედიას აფეთქებულ კორპუსში უშვებენ, “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები გამოკითხვაზე დაიბარეს.

23: 12 საათი: 17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა: პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით,საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება”.

მომხადრი აფეთქებით დაზარალებულებს მოქალაქეები დახმარებას სთავაზობენ. უბედური შემთხვევის შემდეგ, სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი თუ კომენტარი გაჩნდა, რომლებშიც ადამიანები მზადყოფნას გამოთქვამენ, აფეთქებისას დაზიანებული კორპუსის მაცხოვრებლებს თავშესაფრით, პირველადი დახმარებით, საკვებითა თუ ტრანსპორტირებით დაეხმარონ.
{{PHOTOGALLERY}}


ინფორმაციისთვის: მასალაში გამოყენებულია რადიო თავისუფლების ფოტოები