ლუკა სირაძისთვის ჩვენების იძულებით მიცემის საქმეზე რამდენიმე პოლიციელის გადაცდომაც გამოიკვეთა- სახელმწიფო ინსპექტორი

სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, ლუკა სირაძის დაკითხვისას რამდენიმე პოლიციელის გადაცდომაც გამოიკვეთა.

უწყების განცხადებით, პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განყოფილებაში ყოფნის დროს აგრესიულად, ხმამაღალი ტონით უცენზურო სიტყვებით მიმართა არასრულწლოვან ლ.ს-ს, ხოლო აღნიშნული განყოფილების მენეჯერმა არ უზრუნველყო პოლიციის შენობაში არასრულწლოვანთათვის შესაფერისი გარემო და არასრულწლოვანს გაესაუბრა კანონიერი წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

,,შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმის სასამართლოში წარმართვის პარალელურად, მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციის ზემოაღნიშნული მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით”,- აცხადების ინსპექტორი სამსახური.

უწყება აღნიშნავს, რომ ნაცვლად იმისა, რომ გამომძიებელ ჩოლოიანს ემოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი პრინციპების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე და უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, შექმნა არასრულწლოვნისთვის მაქსიმალურად დამთრგუნველი გარემო და მუქარით, ასევე ძმისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პრობლემების შექმნის შანტაჟით, მოსთხოვა დანაშაულის აღიარება და საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენების მიცემა.

15 წლის ლუკა სირაძე 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მან თვითმკვლელობა პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. ის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა, რის შემდეგაც კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ჩოლოიანი უარყოფს, რომ მოზარდს ჩვენების მიცემას აიძულებდა. სახელმწიფო ინსპექტორმა დაადასტურა, რომ ჩოლოიანი სირაძეს დედის გარეშე 20 წუთის განმავლობაში კითხავდა და ემუქრებოდა.

მოზარდს “მწვანე სკოლაში” კედლებზე წარწერების გაკეთებაში სდებდნენ ბრალს. მათ შორის იყო წარწერა “ამ ცხოვრების დედაც”.

გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 2020 წლის 12 თებერვალს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

,