“ლუკმა პურს ვერ ვშოულობთ“–გარემოვაჭრეებმა აჭარის მთავრობის შენობასთან აქცია გამართეს

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს. აქციაზე ის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც წერეთლის ქუჩაზე წლების განმავლობაში ვაჭრობდნენ. ბათუმის მერიამ კი, დაახლოებით 4 თვის წინ, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანა.ისინი ამბობენ, რომ ძველი ავტოსადგურის შენობაში ხალხი საერთოდ არ მიდის, პროდუქციას ვერ ყიდიან და ლუკმა პურის გარეშე რჩებიან.

ისინი დახმარებას აჭარის მთავრობას სთხოვენ და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა სურთ.

”მოვითმინეთ ძალიან ბევრი, მაგრამ ეს ის ადგილი არ აღმოჩნდა, სადაც შეიძლება ლუკმა პური ვიშოვოთ და ოჯახი შევინახოთ. დღითი დღე უარესობისკენ მივდივართ. მოვითხოვთ შეგვხვდეს მთავრობა და შემოგვთავაზოს ადგილი, რომელიც ჩვენს საქმიანობას შეეფერება. არ გვინდა ისევ აქციები დაგვჭირდეს, ჩვენთვის ყოველი წუთი და წამი გადამწყვეტია. ბანკების დავალაინება გვაქვს, რომელსაც ვაჭრობის გარეშე ვერ გადავიხდით. თვითდასაქმებულებს მთავრობის გვერდში დგომა გვჭირდება” – თქვა აქციაზე ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

აქციის მონაწილეთა თქმით, ტერიტორია, რომელიც ავტოსადგურში გამოუყვეს, არარენტაბელურია. აჭარის მთავრობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მსვლელობისას ათობით პოლიციელი იყო მობილიზებული.

27 იანვარს, “ბათუმი პლაზას” მიმდებარე ტერიტორია, 23 სკოლისა და მე-12 საბავშვო ბაღის წინ, კუსტარულად დამონტაჟებული ხისა თუ რკინის კონსტრუქციები მოხსნეს.

წყარო: აჭარის ტელევიზია