“მაგას ვყვირით ამდენი ხანი”:მერიამ ვაკის პარკში მშენებლობის ნებართვის მქონე კომპანიასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია

თბილისის მერის. კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში მასშტაბური მშენებლობა კატეგორიულად მიუღებელია.

თბილისის მერის თქმით, სასტუმრო “ბუდაპეშტის” ინვესტორი მერიის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს არ დათანხმდა, კიდევ ერთი შეხვედრა ამავე საკითხზე კი რამდენიმე დღეში გაიმართება.


კალაძე აღნიშნავს, რომ თემა ეხებოდა ადგილმონაცვლეობის საკითხს: ან აღდგენილიყო იგივე შენობა, რესტორანი “ბუდაპეშტი”, რომელიც ვაკის პარკთან ერთად აშენდა; აღდგენილიყო იგივე ზომებში და მოცულობებში, რაზეც უარი მივიღეთ”.

“უკანონოდ რომ იყო გაცემული ნებართვა, მაგას ვყვირით ამდენი ხანი და მაგას ყვიროდნენ ის ადამიანები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ამ მშენებლობას აპროტესტებდნენ. ბატონმა უგულავამ, რომელიც ქალაქის მერი გახლდათ, რა თქმა უნდა, არასწორად გასცა ნებართვა. სპეცნებართვაა გამოცემული იმისთვის, რომ ვაკის პარკში აშენებულიყო 30-მეტრიანი, 8-9 სართულიანი შენობა-ნაგებობა. ეს, რა თქმა უნდა, უკანონო იყო და ამას ვეწინააღმდეგებით ყველა და ვიბრძვით, რომ არ მოხდეს ასეთი მასშტაბური მშენებლობა ვაკის პარკში, განაცხადა კახა კალაძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვაკის პარკში, სასტუმროსთვის გამიზნული 2863.00 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე კომპანიების სახელები წლების განმავლობაში იცვლებოდა: „გრაალი“ „აგრო ლენდ ჯორჯიამ“ შეცვალა და ბოლო პერიოდამდე, საჯარო რეესტრის მონაცემებში „ტიფლის კოსტავა“ ფიგურირებს.