გირაოს გადახდისთვის გვარამიას 30 დღიანი ვადა აქვს. თუმცა ცნობილია, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს და ამბობს, რომ მზად არის ამის გამო დააპატიმრონ.
პროცესის დასრულების შემდეგ ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს და მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, მოსამართლემ თანხა გაანახევრა თუ არა:
“ თუ უნდა ოთხზე გადაემრავლებინა, ორზე გაეყო და დაემატებინა 77. მაინც არ გადავიხდი.
პროკურატურას შეეშინდა რეალურად . უნდა ეთხოვათ პატიმრობა, ეს ვერ გააკეთეს, მაინც გირაო ითხოვეს. არ გადავიხდი და ვნახოთ ერთი თვის მერე რა იქნება.
ეს მოსამართლე რას გადაწყვეტს რა მნიშვნელობა აქვს. ვითომ მომცა შეღავათი. არ მინდა ბატონო შეღავათი. არ გადავიხდი მაინც.
რაში ჭირდებათ ამას რომ იჩალიჩებენ. ეს ხომ ის არის, რაც არ უნდა გააკეთოს საღ აზრზე მყოფმა იმანაც კი, ვინც გააკეთა.
ამ გადაწყვეტილების პრობლემა ის არის, რომ მინიმალური სტანდარტიც კი ჩათვალა დაკმაყოფილებულად. საქმე არის ბოდვა. “– აცხადებს გვარამია.
ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა. გვარამიას სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით ედავებიან, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.