მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში ჩავიდა და პირადად შეხვდა გატაცებული არასრულწლოვანი გოგოს მშობლებს, გატაცების თვითმხილველს და მარნეულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა.

„გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა, თვითმხილველთა თქმით, არასრულწლოვანს თავზე ტომარა ჩამოაცვეს. იგი წინააღმდეგობას უწევდა გამტაცებლებს და დახმარებას ითხოვდა, თუმცა ვერავინ დაეხმარა. სასწრაფოდ უნდა დადგინდეს გატაცებულის ადგილსამყოფელი და დააბრუნონ იგი თავის სახლში. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება. აუცილებელია დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ, რათა მაგალითი იყოს მათთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში ადამიანთა გატაცების მახინჯ პრაქტიკას აგრძელებენ. შესაძლოა სხვადასხვა სცენარი გაავრცელონ, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გატაცება გოგოს ნების საწინააღმდეგოდ მოხდა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

როგორც ომბუდსმენი განმარტავს, უნდა აღინიშნოს, რომ გატაცებული არასრულწლოვანი მარნეულში საგანმანათლებლო კურსებს ესწრებოდა და სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი დანაშაულები გოგოებს უშლის ხელს განათლების მიღებაში, ვინაიდან მათ მშობლებს შვილების ქალაქებში სასწავლებლად გაშვება ეშინიათ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.