ახალუბანში სუს-ის მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ. ისინი ადგილზე გვიან ღამით ჩავიდნენ. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, უკვე გააქტიურებულია ცხელი ხაზი.
თუმცა ოკუპანტები ამ დრომდე კონტაქტზე არ გამოსულან. შესაბამისად, ინფორმაციის დაზუსტება ვერ ხერხდება. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა სადამკვირვებლო მისია.
„უკანონო დაკავებას ადგილი ჰქონდა დაახლოებით, 19:00 საათზე და ამ დროიდან ცხელი ხაზი იქნა გააქტიურებული რამდენჯერმე, არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე. ჩვენ ვითხოვდით აღნიშნული პირების სტატუსის დადასტურებას, დაკავებულები არიან რეალურად ისინი თუ არა. ამ მომენტამდე საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებს პასუხი ცხელი ხაზით ჯერ არ დაუბრუნებიათ და არ დაუდასტურებიათ აღნიშნული ფაქტი. მათი პასუხი იყო, რომ დეტალები დგინდება, რეალურად, პასუხი ამ მომენტისთვის ჩვენ არ გვაქვს. ფაქტობრივად, მათი ადგილსამყოფელი ამ მომენტისთვის უცნობია,“ – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
გორის რაიონის სოფელ ახალუბანიდან ოკუპანტებმა 7 მოქალაქე გაიტაცეს. მათ საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.
ამას გარდა, სოფელ მეჯვრისხევიდან ოკუპანტებმა კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.