მაჟორიტარებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში არ ვმონაწილეობთ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ განზე ვდგავართ- ბადრი ჯაფარიძე

,,ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მაჟორიტარებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში არმონაწილეობა არ ნიშნავს, რომ განზე დგანან, მისი პარტია მზად არის კოორდინაციაში იყოს ოპოზიციურ პარტიებთან.

ჯაფარიძის თქმით, კოორდინაციის მიზანი ხმების დაცვა და ხელისუფლების ოპოზიციაში გადაყვანა იქნება.

,,ჩვენ ვაკვირდებით მოლაპარაკებებს კოლეგებს შორის, მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ ჯერ სანამ არ გარკვეულა თუ რა სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები, რამდენი მაჟორიტარი და პროპორციული უნდა იყოს, საბოლოოდ არ არის გარკვეული. ჩვენ ძალიან მძლავრად ვვითარდებით რეგიონებში… ამ კონკრეტულ მოლაპარაკებებში მაჟორიტარებთან დაკავშირებით, არ ვმონაწილეობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ განზე ვდგავართ. ჩვენ მზად ვართ კოორდინაციაში ვიყოთ ოპოზიციურ პარტიებთან. ოპოზიციასთან კოორდინაციაში მიზანი იქნება: პირველი – მოვახერხოთ ხმების დაცვა, რათა ობიექტური შედეგი მივიღოთ. მეორე – ხელისუფლება გადავიყვანოთ ოპოზიციაში და ვნახოთ, როგორი ოპოზიციური ძალა იქნება”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები ,,ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მსჯელობენ და აპირებენ, ,,ქართულ ოცნებას”არჩევნებში მაჟორიტარულ ოლქებში 1 ოპოზიციური კანდიდატი დაუყენონ. ისინი საკუთარ გეგმებზე დაწვრილებით 4 აპრილს, მასშტაბურ აქციაზე განაცხადებენ.